ბეთლემის მაცხოვრის შობის ზემო ეკლესია

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 29 вер 2024
  • სოლოლაკის ქედის კლდოვან ფერდს შეფენილ ბეთლემის კლდისუბანს ისტორიულ ნაგებობათა განსაკუთრებული სიმრავლე და მრავალფეროვნება გამოარჩევს. ეს ბეთლემის აღმართია, რომელიც ქუჩა-კიბეს წარმოადგენს და ღირსშესანიშნაობებითა თუ სახასიათო გარემოთი თბილისის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ გზას ბეთლემის მაცხოვრის შობის ზედა ეკლესიასთან მივყავართ...
    უბნის შემაღლებული მდებარეობა მრავალი წერტილიდან ხედვის არეში აქცევს და თვალსაჩინოს ხდის საყრდენი კედლებით შემაგრებული ტერასებით და გადამკვეთი ქუჩა-კიბეებით დაქსელილ განაშენიანებას. აქ, საკმაოდ მსხვილი მოცულობის, გამორჩეული მხატვრული ღირებულებისა და ინდივიდუალური გადაწყვეტის საცხოვრებელ სახლებთან ერთად განაშენიანების ზედა ზოლში გაბნეული მონუმენტური არქიტექტურის ძეგლების - ბეთლემის ეკლესიათა გუმბათებისა და სამრეკლოს ფანჩატურის კონუსების ხუროთმოძღრული მახვილები განუმეორებელ სურათს ქმნის, ახლობელსა და კარგად ნაცნობს თბილისელებისთვის, მეტყველს და უცნაურად მიმზიდველს კი უცხოსთვის.
    კლდისუბანში მდებარეობს ბეთლემის მაცხოვრის შობის ზემო ეკლესია. თავდაპირველად დღევანდელი ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესიის ადგილზე ქართველ მართლმადიდებელთა VI ს-ში აგებული პატარა სამლოცველო მდგარა. პ. იოსელიანისა და მ. ჯანაშვილის ცნობით, ეს არის ერთ-ერთი ტაძარი, რომელსაც ვახტანგ გორგასალმა ჩაუყარა საფუძველი. მე6 ს-ში აგებული სამლოცველოს ნაშთები 1981 წელს ძეგლზე ჩატარებულმა სარესტავრაციო-კვლევითმა და არქეოლოგიურმა სამუშაოებმა გამოავლინა. ამჟამად მე6 საუკუნის უძველესი ტაძრის მხოლოდ აფსიდის ნაწილიღა მოჩანს. დანარჩენი კედლები ამჟამინდელი ეკლესიის იატაკის ქვეშაა მოქცეული.
    XIII საუკუნის თბილისში სხვა ერებთან ერთად სომხური მოსახლეობა მრავლდებოდა და ფეხს იკიდებდა. ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია სომხური მრევლის ხელში აღმოჩნდა. სომეხი მეცნიერის მურადიანის წიგნში ვკითხულობთ მღვდლების იოანეს ტერ-ამკრტიჩოვისა და მხითარ ტერ-სტეპანოსიანის მიერ საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღოლის ნერსე აშტარეკეცისადმი 1816 წლის 28 აპრილს მიწერილ წერილს, რომელშიც გადმოცემულია ძველი ეკლესიის საძირკველზე ახალი ეკლესიის აშენების ისტორია, თუმცა, პ. მურადიანი აქვე აღნიშნავს, რომ რას ეყრდნობოდნენ ამ წერილის ავტორები უცნობია. XIV საუკუნეში თბილისში შავი ჭირი მძვინვარებდა, ამიტომ პ. მურადიანის აზრით, სამრეკლოს მშენებლობის დაწყების თარიღად XIII საუკუნის II ნახევარი უნდა ვივარაუდოთ. აღსანიშნავია, რომ შემდგომი საუკუნეების განმავლობაში სომეხ მრევლთან ერთად აქ ქართველებიც მსახურობდნენ და ლოცულობდნენ. ამის დასტურია ისიც, რომ ქართული ეკლესიის საძირკველზე სომხების მიერ აშენებული ეკლესია 1740 წელს თავისი ხარჯით ახლებურად ააშენა ზემო ქართლის სადროშოს სარდალმა გივი ამილახვარმა.
    პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არსებულ ეკლესიათა ბედი თავისი ტრაგიზმითა და აბსურდულობით ალბათ განსაკუთრებულია, დანგრეული ტაძრები, უკეთეს შემთხვევაში სხვადასხვა ფუნქციის ნაგებობად გადაქცეული, დაკარგული და განადგურებული საეკლესიო ნივთები და სიწმინდეები, შეწყვეტილი წირვა-ლოცვა... ეს არის იმდროინდელი რეალობა. საბჭოთა პერიოდში, შეწყდა საეკლესიო აღმშენებლობა და სამოცდაათი წლით მიიძინა. რუსეთის იმპერიის მმართველობის ხანაში, მეფის რუსეთის ხელისუფლებას ზემობეთლემის ტაძარი ბიჟუტერიის საამქროდ უქცევია.
    ოთხმოცდაათიან წლებში, ტოტალიტარული რეჟიმის გაუქმების შემდგომ, ეკლესიებში განახლდა მსახურება, ტაძრები ფუნქციურად მათ ბუნებრივ, პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდნენ, მაგრამ სიწმინდეები, ჯვარ-ხატები, სხვადასხვა ლიტურგიკული დანიშნულების ნივთები ეკლესიათა კუთვნილებას აღარ წარმოადგენდა. მრავალი დაიკარგა. მეორე ნაწილმა კი, რაც ქართველ მოღვაწეთა დიდი ძალისხმევის შედეგად გადარჩა მუზეუმებში დაიდო ბინა. განახლდა წირვა-ლოცვა ზემობეთლემის ტაძარშიც!
    ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესიის მეორე სახელი - ფეთხაინი, გვხვდება 1648 წელს შედგენილ განჩინებაში და 1724 წლის გასამყრელო წიგნში. 1991 წელს ეკლესია, რომელიც მდებარეობს ბეთლემის ქუჩაზე, გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს და 1994 წლიდან ეკლესიაში აღდგა მართლმადიდებლური მსახურება.
    დღეს, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში თანამედროვე ქრისტიანული ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანს უახლესი საეკლესიო ხელოვნების თავისებური და საკმაოდ მრავალფეროვანი “ექსპოზიცია” გადაეშლება თვალწინ. ყოველი ეკლესია ხომ საკუთარი ამბით თავადაა ისტორიის მთხრობელი. თითოეულ ქრისტიანულ ტაძარს თავისი საკუთარი, განსაკუთრებული ისტორია აქვს. ტაძრის ისტორია კი ქვეყნის ისტორიაცაა, ამიტომ ყოველი ეკლესია საკუთარი ამბით თავადაა ისტორიის მთხრობელი. თავისი განსაკუთრებული ისტორია აქვს ბეთლემის ზემო ეკლესიასაც, რომელსაც თბილისის ძველ ტაძრებს შორის, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია.

КОМЕНТАРІ • 1

  • @xatunadavitiani4024
    @xatunadavitiani4024 Рік тому

    🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏