თეა წულუკიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოქმედ სალოტბარო სკოლას ესტუმრა
Вставка
- Опубліковано 22 гру 2024
- თეა წულუკიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოქმედ სალოტბარო სკოლას ესტუმრა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, ვიზიტი გრძელდება სალოტბარო სკოლებში. მინისტრი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, მუნიციპალიტეტის მერ გია ონიანთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებსა და სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასთან ერთად ლენტეხის სალოტბარო სკოლას ესტუმრა.
თეა წულუკიანი შეხვდა სკოლის ლოტბარსა და რეგენტს, ზურაბ ლიპარტელიანს, სოლფეჯიოს მასწავლებელ ნარგიზა გვიდიანსა და ქორეოგრაფ იური ბენდელიანს, მადლობა გადაუხადა მათ შრომისათვის და მოისმინა ინფორმაცია სალოტბარო სკოლის მუშაობისა და საჭიროებების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს. კულტურის ცენტრში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი ანსამბლების - „ლაგუშედასა“ და „ლილეს“ წევრებთან, რომლებმაც რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და ამ დარგის განვითარება კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამიტომ, წლის ბოლომდე დაგეგმილია ყველა სალოტბარო სკოლის მონახულება და მათი საჭიროებების გაცნობა.
მინისტრი ასევე ესტუმრა ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსაც, დაათვალიერა მუზეუმში დაცული ექსპონატები და საგამოფენო დარბაზები, მოისმინა ინფორმაცია მუზეუმის საჭიროებების შესახებ. როგორც ცნობილია, ლენტეხის მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, XI-XII საუკუნეების საეკლესიო ნივთები, XVII-XVIII საუკუნეების ხელნაწერი ლოცვები და ქვემო სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი კოლექცია.
ვიზიტისას თეა წულუკიანმა ლარაშის ისტორიული ციხის ნანგრევებიც დაათვალიერა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ციხის კვლევის, გაწმენდისა და კონსერვაციის სამუშაოების აუცილებლობაზე იმსჯელა. ლარაშის ისტორიული ციხის ნანგრევები დაბა ლენტეხის შესასვლელში, სამი მდინარის - ხელედურის, ლასკადურისა და ცხენისწყლის - შესართავთან, კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით დაგეგმილია ლარაშის ციხის ნანგრევების შესწავლა, რის შემდეგაც მისი აღდგენა-გადარჩენის სამოქმედო გეგმა შემუშავდება.
ამის შემდეგ თეა წულუკიანი მუნიციპალიტეტში მდებარე სპორტული დარბაზის ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას გაეცნო და სპორტსმენებს შეხვდა.
მინისტრმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია ლენტეხის სოფლებსა და თემებში მდებარე ძეგლებისა და სიძველეების შესახებ. იმსჯელეს მათი დაცვისა და გადარჩენის აუცილებლობაზე.
ინფორმაციისთვის: ლენტეხის სალოტბარო სკოლა 2015 წელს კულტურის სამინისტროსა და ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს. 2022 წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, სკოლა განახლებულ სივრცეში აგრძელებს ფუნქციონირებას. სასწავლებელში ჩარიცხული 72 მოსწავლე უსასყიდლოდ სწავლობს ქართულ ტრადიციულ გალობასა და ხალხურ სიმღერას.
აღსანიშნავია, რომ სალოტბარო სკოლების გახსნის იდეა დიდ ქართველ მოღვაწეს, ლოტბარსა და კომპოზიტორს, ანზორ ერქომაიშვილს, ეკუთვნის. პირველი სკოლა მისი თაოსნობით 2015 წელს ქ. ამბროლაურში გაიხსნა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობით დღეისათვის ქვეყანაში 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც უსასყიდლოდ ისწავლება ქართული გალობა, საკრავებზე დაკვრა და ხალხური სიმღერა.